ირაკლი კობახიძე - ჩვენი პრინციპული ამოცანაა, არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ამ ქვეყანას სენი, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“
არჩევნებზე ჩვენი პრინციპული ამოცანაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ამ ქვეყანას სენი, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. სწორედ ამიტომ არის პრინციპული ეს არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან განიმარტა მიზეზები, რისთვისაც სჭირდება მას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.
„ჩვენი ამბიცია არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ არჩევნების მოგება, ჩვენი ამბიციაა, რომ გვინდა, ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი მაჩვენებელი არის დაახლოებით 60%, რაც ძალიან კარგ სასტარტო პოზიციას იძლევა იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა. რაც შეეხება იმას, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს მიზეზები განიმარტა ჩვენი მხრიდან, ამისთვის იქნა განმარტებული ხუთი მიზეზი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. წარმოდგენილია კონკრეტული გეგმა, რომელიც დაკავშირებულია სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს მედიის წარმომადგენელმა მიმართა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ორჯერ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. პრემიერის თქმით, მაშინ რთული იყო აგვისტოს ომის საკითხის გამოძიება, დღეს კი მოცემულობა ბევრი თვალსაზრისით არის შეცვლილი.
„მაშინ იყო განსხვავებული მოცემულობა, მათ შორის, მაშინ რთული იყო ომის საკითხის გამოძიება, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში. დღეს მოცემულობა ბევრი თვალსაზრისით არის შეცვლილი, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არის ახალი რეალობა. საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, შეგვიძლია ყველა დასახული ეროვნული ამოცანის მიღწევა“, – განაცხადა კობახიძემ.