ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველაფერი კეთდება საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად და ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამას ემსახურება რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა.
„ჩვენ გვქონდა შარშან ერთ-ერთი ყველაზე მაჩვენებელი,მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მთელს რეგიონში ევროპის მაშტაბით, რაც არის ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. ასევე ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები იქნეს მიღწეული იმისათვის რომ განვამტკიცოთ სატაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და ამისკენ არის მიმართული ის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რომლის წყალობითაც ჩვენ თვისებრივად ავამაღლეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის განვითარებისა და გაძლიერების და ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორი წლის წინ პარტიის განვითარების შესახებ გაცემული დაპირებები პირნათლად შესრულდა და ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ პარტიის ცენტრალური რგოლი გაძლიერებულიყო, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონულ სამსახურებზე.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამან 2016 წელს საარჩევნო წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„დღეს, ორი წლის თავზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს მიერ გაცემული დაპირებები არის პირნათლად შესრულებული. მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის გაძლიერება, მისი ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის ცენტრალური სტრუქტურები მოგვეწესრიგებინა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაშინ რეგიონულ სამსახურზე და ამ სამსახურის, ისევე როგორც, მთლიანად ცენტრალური რგოლის გაძლიერებამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და განვითარება, ამ მიმართულებითაც მაშინ ბევრი რამ გაკეთდა და ამანაც განაპირობა, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო წარმატება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარტიის პოლიტიკური გუნდის განახლება, მათ შორის საპარლამენტო გუნდის განახლება და ამანაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმატებული საარჩევნო კამპანიისა და მოსახლეობის მხარდაჭერის საფუძველზე 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ამან პარტიას საშუალება მისცა, კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაეგრძელებინა ქვეყნის განვითარების პროცესი. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ასევე დამაჯერებლად გაიმარჯვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, კოალიციისგან დამოუკიდებლად და ესეც იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენი წარმატება განაპირობა. შედეგად ჩვენ წარვმართეთ ძალიან წარმატებული საარჩევნო კამპანია და რაც მთავარია ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენ მოვახერხეთ 2016 წელს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, რაც იყო თითოეული ჩვენგანის დამსახურება და რამაც ჩვენ საშუალება მოგვცა იმის, რომ კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგვეგრძელებინა ქვეყნის განვითარების და აღმშენებლობის პროცესი. ამის შემდეგ, იგივე მოხდა როგორც მოგეხსენებათ აჭარაში, უმაღლეს საბჭოში ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ აჭარაში გაგრძელებულიყო განვითარების პროცესი და შემდგომ უკვე 2017 წელს ჩვენ ასევე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის დაპირებები, რომლებიც გაიცა ჩვენს მიერ ორი წლის წინ არის პირნათლად შესრულებული, ჩვენი პარტია არის ძლიერი, პარტია ვითარდება და დღეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არჩევნები იქნება ასევე წარმატებული არჩევნები ჩვენთვის, ამაში დარწმუნებული ვარ და თითოეული ჩვენგანი ბუნებრივია ჩვენს წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.