ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, პარლამენტი ინსტიტუციურად გავაძლიეროთ
ჩვენ საკმაოდ რთული მემკვიდრეობა, სუსტი პარლამენტი მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ვგულისხმობ ინსტიტუციურ სისუსტეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პარლამენტი ინსტიტუციურად გავაძლიეროთ. საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ ამას ემსახურება. მათ შორის, პლურალიზმის მიმართულებით, საქართველოს ისტორიაში პირველად ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ექნება კონსტიტუცია თავისი პროპორციული საარჩევნო სისტემით და უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიული პროცესების სტაბილური განვითარება.
„კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ პარლამენტი თვისობრივად განსხვავებულ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს, რომელიც ქართული დემოკრატიის ნამდვილი საყრდენი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რვაწლიან სტრატეგიულ ხედვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პირველადი ვარიანტი ზაფხულამდე მომზადდება და უკვე წლის ბოლოს, ქვეყანას დეცენტრალიზაციის დამტკიცებული სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როდისთვის უნდა ველოდეთ ფისკალური პოლიტიკის ისეთ ცვლილებას, როცა საშემოსავლოს გარკვეული პროცენტი მუნიციპალიტეტებს დარჩება, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანონში ჩანაწერი სტრატეგიის გამოძახილი უნდა იყოს.
„სტრატეგია კომპლექსური უნდა იყოს – უფლებამოსილებების, ფინანსების გადაცემა, ადამიანური რესურსების, შესაძლებლობების განვითარება და ა.შ. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა გაკეთდეს. სამწუხაროდ, 2013 წლის შემდეგ რამდენიმე წელიწადი დავკარგეთ და სტრატეგია რომ არ შემუშავდა, უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემის პროცესი ამიტომ შეფერხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.