ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება და გაკეთდება, რომ დეკემბერში სტატუსი მივიღოთ, გვაქვს იმედი, გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიმართ
ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და გაკეთდება, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არცერთ პუნქტთან დაკავშირებით უკან არ დაუხევია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ წელს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ქართველი ხალხის, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ.
„ბატონი მიშელი გამოეხმაურა ჩვენს ნაბიჯებს. მთლიანობაში, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გუშინდელი ბრიფინგიც ამის დასტურია. ჩვენ ვუპასუხეთ აბსოლუტურად ყველა პუნქტს, რომელიც ჩამოგვითვალეს ბორელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შეხვედრებზე. ყველა პუნქტს ვასრულებთ 100 პროცენტით, თავიდან ბოლომდე. არცერთ პუნქტთან დაკავშირებით არ დაგვიხევია უკან და არ გადაგვიდგამს რაიმე განსხვავებული ნაბიჯი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და გაკეთდება, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. დანარჩენი, ევროპული საბჭოს მიერ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები. ჩვენ აქაც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წელს ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, სამართლიანი ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.