ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს, ეს არის ერთადერთი წითელი ხაზი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით იმოქმედოს.
კითხვაზე, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არანაირი შეთანხმება არ იქნება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან, კობახიძე აცხადებს, რომ სწორედ ასეთი განცხადებებია მოლაპარაკების პირობების დარღვევა.
„აქაც დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ ესეც არის პირობის მორიგი დარღვევა. პირობა იყო დადებული საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არც ერთ დეტალზე, არც ერთ წითელ ხაზზე არ იქნებოდა საუბარი. ჩვენ ვიცავთ ამ პირობას, თუმცა სამწუხაროდ ამ პირობას არ იცავს ოპოზიცია. ჩვენთვის მთავარი არის ვიმოქმედოთ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი არავითარ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ეს არის ერთადერთი ჩვენი წითელი ხაზი. შარლ მიშელმა თავის დროზე მოუსმინა ოპოზიციას და ჩამოწერა ყველა საკითხი, რომელიც სავარაუდოდ იქნებოდა ამ ფორმატში განსახილველი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი არის ის, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი, რაც აღინიშნა შესაბამის დასკვნებში.
„ასევე აღინიშნა შესაბამის განცხადებებში, რაზეც ძალიან ღიზიანდება ოპოზიცია. თქვენ ნახეთ ბოლოს კომენტარები, მაგალითად ბორელის განცხადებებთან დაკავშირებით, ეს მათ აღიზიანებს და რატომ, იმიტომ რომ ეს მათ აყენებს ბევრად უფრო სუსტ პოზიციაში, ვიდრე იყვნენ შეიძლება თუნდაც ორი-სამი თვის წინ. კრიზისი როდესაც ხელოვნურია, როდესაც არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული და პარლამენტში მაინც არ შემოდის ოპოზიცია, ამ დროს კრიზისი არის ბუნებრივია ხელოვნური“, – განაცხადა კობახიძემ.