ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და მოქალაქეების ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა
ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა, რამდენადაც ესენია თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ თეზისების დონეზე წარვადგინეთ ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს და ყველა მიმართულებას და იქვე გავეცით დაპირება, რომ დეტალურად წარვადგენდით პროგრამას თითოეული სფეროს მიხედვით. ვიწყებთ სწორედ ამ საკითხებით, ეს არის ეკონომიკური განვითარება და ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის განვითარება. ეს არის ის თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას ქალაქი რუსთავი მასპინძლობს და ეს შემთხვევითი არ არის, რუსთავი არის ქალაქი, რომელიც დაფუძნდა როგორც ინდუსტრიული ქალაქი და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება ამ ქალაქისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,. მნიშვნელოვანია, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქალაქში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში. რუსთავისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფრასტრუქტურული განვითარებაც. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეკოლოგიაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა გასული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენთან ეკონომიკის მდგომარეობა და გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში მეტი კეთილდღეობა შევიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.