ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიდგომაა, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი, იმედი გვაქვს, არჩევნებზე ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი
ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი. ჩვენ გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი.
„ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რაც ამ პოსტის დაკავების შემდეგ მივიღე, უკავშირდებოდა სწორედ გამჭვირვალობას. პირველივე დღიდან, 8 თებერვლიდან მთავრობის ყველა გადაწყვეტილება არის საჯარო, ქვეყნდება და ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით – ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში და ანალოგიური მონაცემები გვაქვს ყველა სხვა მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი გაუმჭვირვალე სივრცედ რჩებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სფეროც მოწესრიგდა და აქაც გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტია უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება დამკვირვებლებს, უკვე გაიგზავნა მოწვევები ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში. ეს არის ეუთო/ოდირი, მთავარი მისია, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ისინი ჩამოვლენ გრძელვადიანი მისიით. ასევე, მოწვევა გაგზავნილია ნატო-სა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ინსტიტუტიდან იქნება წარმოდგენილი სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მიდგომაა, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი. გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის.
რაც შეეხება დამკვირვებელთა მიუკერძოებლობას, ეს არის მინიმალური სტანდარტი. გახსოვთ, ამ კუთხით კითხვები როცა გვქონდა კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ჩვენი შფოთვები გამართლდა. თავის დროზე კითხვები იყო ე.წ. სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, 2020 წლამდეც და სწორედ ამ ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. ანუ, შეკითხვების არსებობის ობიექტური მიზეზები სადაც გვქონდა, სამწუხაროდ, ყველგან გამართლდა ჩვენი ეჭვები.
იმედი გვაქვს, ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი. არჩევნების მთავარი დამკვირვებელი მაინც არის საზოგადოება. ქართული საზოგადოება დააკვირდება არჩევნებს. ეს არჩევნები ჩატარდება უპრეცედენტო კანონმდებლობის პირობებში. ჩვენი საარჩევნო ისტორიის მანძილზე პირველად დაინერგება ელექტრონული ხმის მიცემის და რეგისტრაციის წესი, ხმების დათვლის ელექტრონული წესი. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ყველა ხარვეზი საარჩევნო პროცესში. ბუნებრივია, ყველას შეუძლია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა.