ირაკლი კობახიძე - ჩვენი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „პატრიოტთა ალიანსთან“ იქნებოდა პოლიტიკური უკულტურობა
„ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ვერც ერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60%-ს მივიღებთ თავისი პლიუს მინუსით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში სერიოზული უპირატესობა აქვს და რომ მას არ დასჭირდება კოალიციის ფორმირება.
„ჩვენ გვაქვს ძალინ ხშირი შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან. რა კვლევის მონაცემებიც გვაქვს ჩვენ, ის რეალური მონაცემები აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. მათ იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ამ არჩევნებში სერიოზული უპირატესობა და ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციის ფორმირება. ეს არის საერთო განწყობა საერთაშორისო პარტნიორებში. მე ვერ დავასახელებ კონკრეტული ქვეყნის დიპლომატებს, რადგან არის ეს პირადი საუბრებია და არ მაქვს უფლება გავაჟღერო, რომელი დიპლომატი რას გვეუბნება.
ვერც ერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს, „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60%-ს მივიღებთ თავისი პლიუს მინუსით. არც არავის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ განვახორციელეთ ევროპული სტანდარტების მოდელი და ეს აღარაა საჭირო. ჩვენი კოალიცია გინდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გინდ „პატრიოტთა ალიანსთან“ იქნებოდა პოლიტიკური უკულტურობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.