ირაკლი კობახიძე - ჩვენი ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს გუშინ იბარებდნენ პრეზიდენტთან, მათ სთხოვდნენ, საბჭოს წევრობაზე უარი ეთქვათ და განცხადება დაეწერათ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე განმარტავს, უმრავლესობამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მათ მხარი არ დაუჭირეს.
კობახიძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი“.
„თავდაპირველად შედგა კომიტეტის სხდომა, სადაც არ იყვნენ მოსული კანდიდატები, თუმცა მათი პოზიცია გასაგებია ამ ფონზე. იყო სერიოზული რისკი, რომ შეიძლებოდა, ოპოზიციას რაღაც ახალი აჟიოტაჟისთვის გამოეყენებინა ეს პროცედურა და რეალურად ვერ შედგებოდა იმ შინაარსის საკომიტეტო მოსმენა, რა შინაარსიც არის რეგლამენტით გათვალისწინებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, გასაგებია მათი პოზიცია. ამის გამო კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა შემდეგ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, საგანგებოდ შევიკრიბეთ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევის თაობაზე. მინდა, განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები.
პრინციპში, გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად შემოგვთავაზეს განმარტება. პირდაპირ ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ ალბათ გაიწვევდა. შემდეგ დილით კომიტეტზე მოვიდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო, მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი. აქედან გამოჩნდა, რომ ვიღაცის ინტერესებში, თავადაც ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ – რადიკალურ ოპოზიციას თავისი სალომე ზურაბიშვილით – მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი. მათი გათვლაა, რომ წლის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტიან საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს, რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ, ყველა და ყველაფერი გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ კანდიდატებს პრეზიდენტთან და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზემოქმედება რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსი საქციელი.
ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არ მაქვს მიღებული ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მომაწოდეს ინფორმაცია. ეს არის უკიდურესად უღირსი ქმედება, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს, კანდიდატებს ხომ ენდობოდა, მათ მიმართ არ აქვს კითხვები, მაგრამ ერთადერთი მიზანი ჰქონდა – საბოტაჟი ეროვნული ბანკის, ანუ ეროვნული ბანკი უნდა გამხდარიყო არაქმედითუნარიანი. პირდაპირ ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი, სრული ალიანსია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც ძალიან მძიმეა. ეს არის უღირსი საქციელი. როდესაც გქვია საქართველოს პრეზიდენტი, არ შეიძლება, დახვიდე სალომე სამადაშვილამდე და არ მინდა, სხვების გვარები ჩამოვთვალო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, – „თავად კანდიდატებს სურთ, რომ დაიკავონ ეს თანამდებობები?“ – კობახიძე პასუხობს: „კი, ეს გადამოწმდა სათანადო წესით. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მათი არჩევის თაობაზე და საბოტაჟი არ შედგა“.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებელმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრებმა მათ მხარი არ დაუჭირეს.
ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა – საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში – 21 ნოემბრიდან დატოვებენ.