ირაკლი კობახიძე - ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი, ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე
ჯერ „ენჯეოებმა“ უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ა.შ. ესაა ერთი და იგივე თავს მოხვეული, მომაბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით „ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და ეს სცენარი ჩავარდება.
„წინაზე სამი ყალბი მაჩვენებელი წარმოადგინეს. ერთი – ე.წ. პივიტი, პარალელური დათვლის შედეგები, თქვეს, რომ ამ „პივიტის“ აცდა ცესკო-ს შედეგები და მერე გაირკვა, რომ პირიქით, თვითონ გააყალბეს ეს „პივიტი“ და პირიქით, „პივიტი“ აცდა ცესკო-ს შედეგებს, ეს იყო პირველი სიყალბე; მეორე სიყალბე ეხებოდა ზედმეტობებს – მათ თქვეს, რომ ზედმეტობები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების რვა პროცენტში და ამ დროს დადგინდა, რომ მხოლოდ რვა უბანზე დაფიქსირდა ზედმეტობა, ანუ რვა უბნის მაგივრად თქვეს 300 უბანი, ეს იყო მეორე ყალბი ინფორმაცია; და მესამე იყო ის, რომ ასევე ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ცესკო-მ სერიოზული დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, როცა დაგვიანება საერთოდ არ იყო არსებული პრაქტიკის მიხედვით, ღამის 04:00 საათი იყო, თუ არ ვცდები, როცა ცესკო-მ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ სამ „ფაქტზე“ დაყრდნობით, დაახლოებით 30-მა „ენჯეომ“ ერთად დადო დასკვნა იმაზე, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ლამის საქართველოს ისტორიაში. ჯერ „ენჯეოებმა“ უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ა.შ. ერთი და იგივე თავს მოხვეული, მომაბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში. იმდენჯერ გააკეთეს ეს ყველაფერი, არსებობს გამონათქვამი, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მით უმეტეს, შვიდჯერ ვერ შეხვალ ერთ მდინარეში. 2012 წელს სცადეს, რომ არჩევნები არ ეღიარებინათ, შემდეგ 2016 წელს ჰქონდათ მცდელობა, 2020 წელს ჰქონდათ იგივე მცდელობა, რამდენჯერ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, ხალხი დაღლილია ამ ყველაფრით. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და თუ საუბარი გვაქვს ჩვენ 60/20 თანაფარდობაზე, ამ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაც არის საკმაოდ რეალური. იქ ერთმა, ორმა პროცენტმა შეიძლება, გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, საბოლოო ჯამში, მაგრამ საკმაოდ რეალურია ეს ყველაფერი. როცა ყველა იხილავს, რომ არის დამაჯერებელი გამარჯვება, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად ჩავარდება ის სცენარი, რომელიც წინასწარ შეგვიძლია დავაანონსოთ, იმიტომ, რომ ეს არის მათი გეგმა“, – აღნიშნა პრემიერმა.