ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დავით გარეჯის საქმეს მოეფინოს ნათელი, ასევე, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვრის საკითხზე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დავით გარეჯის საქმეს მოეფინოს ნათელი, ასევე, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვრის საკითხზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, ვინც შესაძლოა, დამატებით ინფორმაციას ფლობდეს.

კობახიძის განმარტებით, ხელისუფლების ერთადერთი ინტერესია, აღნიშნულ საქმეს მოეფინოს ნათელი და სათანადოდ იყოს გამოძიებული, ასევე, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განიხილონ საკითხი და მიაღწიონ შეთანმებას საზღვართან დაკავშირებით.

„გრძელდება გამოძიება, გამოძიების ფარგლებში, ბუნებრივია, უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს. ამ შემთვევაშიც კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. ვნახოთ, დამატებით რა ინფორმაციას მიიღებს გამოძიება ამ კონკრეტული მოწმისგან.

ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის, ამ საქმეს მოეფინოს ნათელი და სათანადოდ იქნას გამოძიებული. მეორე – ჩვენი ინტერესი არის, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საზღვრის საკითხი და მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვართან დაკავშირებით, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.