ირაკლი კობახიძე - ჩვენი დიასპორისთვის რაც იქნება მნიშვნელოვანი, ყველა რაციონალური ნაბიჯი გადაიდგმება, თუმცა არ ვიცნობ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და კონკრეტული კომენტარი გამიჭირდება
ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ ზოგადად საქართველოდან გასული პირებისთვის, ჩვენი დიასპორისთვის რაც იქნება მნიშვნელოვანი, ყველა რაციონალური ნაბიჯი გადაიდგმება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
თუმცა, კობახიძის თქმით, გაუჭირდება კონკრეტული კომენტარის გაკეთება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რადგან მას არ გაცნობია.
„მე არ გავცნობივარ ამ ინიციატივას, შესაბამისად, გულწრფელად გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ ზოგადად საქართველოდან გასული პირებისთვის, ჩვენი დიასპორისთვის, რა თქმა უნდა, ყველა რაციონალური ნაბიჯი იქნება გადადგმული, თუმცა მე არ ვიცნობ ამ ინიციატივას. შესაბამისად, კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ზოგადად, გამარტივება არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა და რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება შედის სახელმწიფოს ინტერესებში, მიიღოს მოქალაქეობა. გამარტივება ხომ არ არის თვითმიზანი. ამიტომ ასე მარტივად ვერ ვიმსჯელებთ. გავეცნობით ინიციატივას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორბელიანების სასახლეში გუშინ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ორმაგი მოქალაქეობის კანონზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები რეალურად გამარტივდეს.
„ამ დღეებში პარლამენტში მიღებულ იქნა ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად არცერთ ცვლილებას, არცერთ გამარტივებას არ წარმოადგენს. ამას წინმსწრებით ვამბობ, რადგან ალბათ ამაზე იქნება დიდი პროპაგანდა, რომ ამ ცვლილებებით ჩვენ მოვახდინეთ პროცედურების დიდი გამარტივება – არც არაფერი. მთავარი მოთხოვნები უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების, რომ გამარტივდეს ტესტირება, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული, ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად, მარტივად, არ იქნა მხედველობაში მიღებული. მხოლოდ ერთი სერიოზული ცვლილებაა, რომ შესაძლებელია ტესტირება რამდენჯერაც გინდათ, ჩააბაროთ და ყოველ ჯერზე გადაიხადოთ საფასური. ასევე, გეოპოლიტიკური გარემოებიდან გამომდინარე, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან ცხოვრობენ საზღვრების გარეთ, სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ ძალიან გაზრდილია. ჩვენ თუ გვაქვს ოდნავ რამე სტრატეგია ან ხედვა, როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.