ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონებში ვხედავთ
არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტი ორი რეზოლუციაა ინიცირებული და ამ საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიციასთან შეთანხმება მოხდება და პარლამენტი ერთიან რეზოლუციას მიიღებს.
“პარლამენტში ამჟამად ორი რეზოლუციაა ინიცირებული. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს და ეს კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საერთო ტკივილია და ჩვენი ამოცანაა, რომ საერთო ხედვა დავუპირისპიროთ იმ სამწუხარო მოვლენებს, რომლებსაც ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში ვაკვირდებით. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასთან შევთანხმდებით და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ერთიანი რეზოლუციის მიღება შესაძლებელი გახდება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.