ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, გაივლოს ზღვარი რადიკალურ და ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც გამოჩნდება, როცა პარლამენტში შემოსვლაზე კონკრეტული პარტიების გადაწყვეტილებები გაცხადდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩებთან მოლაპარაკებები გაიმართება და გაირკვევა, რომელი პარტიები შედიან მეათე მოწვევის პარლამენტში.
მისივე თქმით, პარლამენტში ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში წინადადებები ისმოდა მხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან, ოპოზიცია კი ულტიმატუმებს აყენებდა.
„პარლამენტში რამდენიმე პარტიას ველოდებით. დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დავაკონკრეტებთ, მაგრამ ველოდებით, მოლაპარაკებებს. კონსულტაციები იქნება ელჩებთან, მოლაპარაკებები გაიმართება და გაირკვევა, ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ – არა. ჩვენი სურვილია, პარლამენტში რადიკალური პარტიები არ შემოვიდნენ, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ პარლამენტში. პრაქტიკულად, მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან. იქიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმები მოდიოდა. წინადადებები მხოლოდ ჩვენ დავაყენეთ და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მსჯელობა გავაგრძელოთ, მათ შორის საუბარია ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს განხილვის საგანი. ჩვენი ამოცანაა, მკაფიო ზღვარი გაივლოს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებსა და ჯანსაღ ოპოზიციურს შორის. ეს საბოლოო ჯამში გამოჩნდება მაშინ, როდესაც კონკრეტული პარტიების მხრიდან პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გაცხადდება“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.