ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა დეპოლარიზაციის უზრუნველყოფა, ვიმოქმედებთ იმ პუნქტის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ევროკომისიის დასკვნაში, დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის არჩევანია
ჩვენი ამოცანაა დეპოლარიზაციის უზრუნველყოფა, ვიმოქმედებთ იმ პუნქტის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია ევროკომისიის დასკვნაში, დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის არჩევანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კითხვაზე, ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ უერთდებიან დეპოლარიზაციის დასრულების მოთხოვნას, არის თუ არა მათი მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე დაიწყო ზრუნვა პოლარიზაციაზე.
„ევროკომისიის პირველივე მოთხოვნა უკავშირდებოდა სწორედ დეპოლარიზაციას და ამ დასკვნის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში დაიწყეს მათ ზრუნვა პირიქით, პოლარიზაციაზე და დღემდე აგრძელებენ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, რაც არის მათი სულისკვეთების გამოხატულება, რაც არის ძალიან ცუდი. ჩვენი ამოცანაა, რა თქმა უნდა, დეპოლარიზაციის უზრუნველყოფა. ჩვენ ვიმოქმედებთ თავიდან ბოლომდე იმ პუნქტის შესაბამისად, რომელიც არის წარმოდგენილი ევროკომისიის დასკვნაში. დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის არჩევანი. მათ როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ იმ დღის წესრიგის შესაბამისად, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.