ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანა ეკონომიკის მაქსიმალური სწრაფი ტემპის უზრუნველყოფაა, თუმცა ეს ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანა ეკონომიკის მაქსიმალური სწრაფი ტემპის უზრუნველყოფაა, თუმცა ეს ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას, შრომის უსაფრთხოების გამკაცრებაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არსებობდა, თუმცა საკითხზე მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძემ სხდომათა დარბაზში მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური პირველად მაშინ გახდა, როცა საკონსტიტუციო კომისიაში შესაბამისს მუხლს განიხილავდნენ.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩანაწერი მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩამოყალიბებული პოზიცია გვქონდა, თუმცა შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელობამ ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა და ეს გახდა მიზეზი იმ პროცესების, რაც გახსოვთ კიდეც. პროტესტის მიზეზი ჩვენი პოზიციის ცვლილებაც გახდა, მაშინ ანგარიში მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას გავუწიეთ, რაც არასწორი კომპრომისი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა წინა სამთავრობო ხელმძღვანელობაზე მითითება გავაკეთე.

ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებებია, ყველა არის თვითმხილველი. საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ღიად განვაცხადე, რომ ჩვენი პოზიციის ცვლილების მიზეზი მთავრობის ხისტი პოზიცია გახდა. ეს არის დოკუმენტირებული და ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში, რასაც ობიექტური საფუძველი ჰქონდა“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათთვის „მთავარი ღირებულება არის ადამიანი და თვითმიზანი არ შეიძლება იყოს არც ეკონომიკური განვითარება და არც სხვა რაიმე“.

მიგვაჩნია, რომ ლიბერტალიანური მიდგომა არის ის, რაც წარსულს საბოლოოდ უნდა ჩავაბაროთ. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და თვითმიზანი არ შეიძლება იყოს არც ეკონომიკური განვითარება და არც სხვა რაიმე. აქედან უნდა ამოვიდეთ და ჩვენი პოლიტიკის ყველა ასპექტი უნდა გადაიხედოს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს რაიმე სახის ლიბერტალიანურ მიდგომასთან.

ჩემთვის პირადად და გუნდისთვის ეს მიუღებელია. ჩვენი ამოცანა, ეკონომიკის მაქსიმალური სწრაფი ტემპის უზრუნველყოფაა, თუმცა ეს ადამიანის, როგორც ღირებულების და სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა კობახიძემ.