ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამბიციური, მაგრამ ასევე რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კუთხით
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამბიციური, მაგრამ ასევე რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კუთხით

ჩვენი ამბიციური, მაგრამ ასევე რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ენერგეტიკის მიმართულებით მთავრობას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.

„უკვე შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2028 წლისთვის 8 000 მეგავატს მიაღწევს დადგმული სიმძლავრის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და 2030 წლისთვის მაჩვენებელი გადააჭარბებს 10 000 მეგავატს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, ანუ გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რათა ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფრო მეტად გამყარებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სოფლის მეურნეობის კუთხითაც ძალიან დიდი პროგრესი ექნება ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რამხელა მიღწევები გვქონდა გასული წლების განმავლობაში. ამ კუთხითაც გვექნება ძალიან დიდი პროგრესი შემდეგი ოთხი წლის მანძილზე. მაჩვენებლები გაორმაგდება სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეეხება სოფლის მეურნეობის გამომუშავებას, აგრარული პროდუქციის ექსპორტს და ა.შ. აქაც არსებობს ძალიან კონკრეტული გეგმები, მათ შორის სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ პროგრესის მიღწევას სოფლის მეურნეობის სფეროში. ქართული სოფლის გაძლიერება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. შესაბამისად, ამ კუთხით მთავრობა მაქსიმალურად იზრუნებს შემდეგი წლების განმავლობაშიც“, – განაცხადა პრემიერმა.