ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყურადღება არასდროს მოგვიდუნებია უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერის კუთხით, ელჩის გაწვევა არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის
ჩვენ ყურადღება არასდროს მოგვიდუნებია უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერის კუთხით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენი მხარდაჭერა იყო ურყევი, ყველა საერთაშორისო პლაფორმაზე, სადაც იყო საუბარი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, იქნებოდა ეს ევროსაბჭო, გაერო, ეუთო, ჰააგის სასამართლო, თუ ნებისმიერი სხვა პლატფორმა, მაქსიმუმს ვაკეთებდით, რათა უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვეწია. შესაბამისად, კიდევ უფრო ალოგიკურია ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დავინახეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, არის შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის. როცა ამ ნაბიჯებს არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს, რა თქმა უნდა, სხვას ვერაფერს დავარქმევთ“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შედგა თუ არა უკრაინის ხელისუფლებასთან რაიმე კომუნიკაცია და სცადა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რამის გარკვევა ელჩის გაწვევასთან დაკავშრებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არის რთული მოცემულობა, რადგან ადამიანები, რომლებიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციაშია, უკრაინაში ხელისუფლებაში არიან.
„არის ასეთი უნიკალური, ძალიან რთული და ცუდი მოცემულობა. იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერია, უკრაინაში არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. ასევე, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. თან, თავიანთი კრიმინალური წარსულით გამორჩეული ადამიანები. ისინი უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე არიან და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ვითარების რადიკალურად შეცვლა. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ მოვაკლებდით მცდელობას, თუმცა ასეთ ვითარებაში, მე ვერავითარ რესურსს ვერ ვხედავ, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. კომუნიკაციის მცდელობები იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ნაბიჯები არ გადმოდგმულა“, – განაცხადა კობახიძემ.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, რატომ ვერ არწმუნებს „ქართული ოცნება“ უკრაინის ხელისუფლებას იმაში, რომ ეს ადამიანები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არის გარკვეული ვარაუდები, თუმცა ამაზე საჯაროდ არ ისაუბრებს, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია.
„ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვითარების გაუმჯობესებაში, მაქსიმალურად ვუფრთხილდებით არა მარტო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინის ხელისუფლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს მოფრთხილება წლების განმავლობაში ცალმხრივია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.