ირაკლი კობახიძე - წინასწარ ვსაუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად დაიდგმებოდა გარკვეული სურათი, სადაც საუბარი იქნებოდა არჩევნების გაყალბებაზე
ჩვენ ამ სცენარებზე საუბარი წინასწარ გვქონდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად დაიდგმებოდა გარკვეული სურათი, სადაც საუბარი იქნებოდა არჩევნების გაყალბებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს.
კობახიძის თქმით, ცესკო-ს მიერ ასახული მონაცემები სრულად გამოხატავს იმ განწყობას, რომელიც არის საზოგადოებაში.
„ვხედავთ, რომ სურათი რაც შექმნეს, არის ყალბი. ოპოზიცია საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, რაც მათი დღევანდელი მესიჯია, მაგრამ რეალურად ყველა კარგად ხედავს, რომ ცესკო-ს მიერ ასახული მონაცემები სრულად გამოხატავს იმ განწყობას, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში. მათ შორის ეს დადასტურდა იმ აქციით, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაიმართა. როცა ვერ ახერხებ აქტივის მობილიზებასაც კი იმისათვის, რომ თითქოს გააპროტესტო გაყალბებული არჩევნები, ეს არის იმის დასტური, რომ არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ზუსტად ის განწყობა ასახა, რაც საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული ერთ-ერთ პირს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.