ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში
ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძემ განცხდება „ქართული ოცნების“ ოფისში გააკეთა.
„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე.
გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.
არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი კი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ახალა საზოგადოების მთავარი ინტერესი სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა და ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს.
„სამწუხაროა, რომ დროებით იძულებული ვართ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ.
დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა. ხელისუფლება განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო, ეკონომიკური და სოციალური ზიანი მაქსიმალურად აარიდოს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ შემოდგომაზე პოლიტიკური ვირუსიც წარმატებით დამარცხდება.
„სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ კი, შემოდგომაზე პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ. ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.