ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბილბაოში განაცხადა, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს.
კობახიძის თქმით, საქართველო დღეს რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას.
„ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი იყო, თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. საქართველო ასევე ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს ორ მეზობელ ქვეყანას – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერი თანმიმდევრულად უნდა გაჰყვეს ამ გზას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.