ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, ყველა პროცესი მიმართულია სწორედ იქით, რომ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი; ჩვენი ორიენტირი არის 2030 წელი და ყველა ის პროცესი, რომელიც ახლა წარიმართება, მიმართულია სწორედ იქით, რომ ჩვენ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ქვეყანაში არ იქნება გამჭვირვალობა და ყოველწლიურ რეჟიმში განმეორდება რევოლუციის მცდელობა, შეიძლება ქვეყანა 2040 წელსაც ვერ გახდეს ევროკავშირის წევრი.
„თუ აქ უზრუნველყოფილი არ იქნება გამჭვირვალობა, თუ ვიქნებით ყოველწლიურ რეჟიმში რევოლუციის მცდელობის ქვეშ, ასეთ დროს, მერწმუნეთ, 2030 წელს კი არა, შეიძლება 2040 წელს ვერ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ნახეთ, უკრაინასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ კიდევ 30 წელი ვერ გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა უკრაინიზაცია. თუ არ იქნება გამჭვირვალობა, უკრაინიზაციის რისკი არის მაღალი. თუ დამშვიდდება ეს ქვეყანა, ბევრად უფრო სწრაფად ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით, რაც გვაკისრია, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ეს პროცესები, რაც გამოვიარეთ, მათ შორის, ბოლო კვირების განმავლობაში, საბოლოოდ უზრუნველყოფს იმას, რომ ბევრად უფრო სწრაფად ვივლით წინ იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია და იმ ამოცანის შესრულებამდე, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა პრემიერმა.