პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, ეს იძლევა შესაძლებლობას, ახალ ეტაპზე გადავიდეს საქართველოში პოლიტიკური პარტიული სისტემის განვითარება, ეს არის ფუნდამენტური ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის გამოწვევა თავისი არსით, პროპორციული სისტემის ფუნქციონირება პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას საჭიროებს.
„ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ჩვენგანმა ერთად უნდა ავიღოთ პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება. ეს შესაძლებელს გახდის პოლიტიკური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას პროპორციული სისტემის პირობებში. კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული პარლამენტში, არის ლაკონური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. საბოლოო ჯამში, ამ კანონპროექტის მიღებას სჭირდება პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი. ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში, რათა მოგროვდეს 113 ხმა ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად.
რაც შეეხება კანონპროექტის ტექსტს, ის არის საკმაოდ ლაკონურად მოცემული. მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომ პარტია, რომელიც იღებს სულ მცირე ერთ მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, ეს არის დაახლოებით 0,67% ხმებისა, მიიღებს მანდატს. საქართველოს პარლამენტში დადგენილია ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერი, შემდეგი არჩევნებისთვის. კიდევ ერთ დეტალს განვმარტავ – თქვენ იცით, რომ არსებობს კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, ეს ძირითადი ტექსტი რჩება ძალაში და ის იმოქმედებს ყოველ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის.
რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ის აისახება კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციური კანონი, რომელიც მიღებული იქნა 2017 წელს, შეიცავდა გარდამავალ დებულებებს, მათ შორის იყო ერთ-ერთი მეცხრე პუნქტი, რომელიც ადგენდა, რომ შემდეგი არჩევნები ტარდებოდა შერეული საარჩევნო სისტემით. ცვლილება შეეხება მეცხრე პუნქტს, იცვლება მეცხრე პუნქტი, ამოღებული იქნება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემით და ეს ჩანაწერი შეიცვლება ჩანაწერით პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამავე პუნქტში აისახება ე.წ. ბუნებრივი ბარიერი შემდეგი ტექსტით: საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს, ან მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას. ეს არის ამ კანონპროექტის ტექნიკური მხარე “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, უკვე განისაზღვრება წამყვანი კომიტეტი, გარდა ამისა, პარლამენტი შექმნის რეგლამენტის თანახმად, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიას.
„დაიწყება შეხვედრები შესაბამის ფორმატში და ასევე აღვნიშნავ, რომ პარალელური პროცესი დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან. არის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიზანია საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა, ასევე პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვა. ეს ფორმატი შექმნილია პარლამენტის თავმჯდომარის ქვეშ და ბუნებრივია, ამ ფორმატში იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ცვლილებების განხილვა, ამ საკონსტიტუციო ინიციატივასთან ერთად. უზრუნველყოფილი იქნება ფართო ჩართულობით ყველა იმ ინიციატივის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან. ამ ფართო ჩართულობით დარწმუნებული ვართ, სათანადო გარემოში ჩავატარებთ საპარლამენტო არჩევნებს, უზრუნვლეყოფილი იქნება პლურალისტული სპექტრის ჩამოყალიბება შემდეგ პარლამენტში და ამან ხელი უნდა შეუწყოს, დააჩქაროს ჩვენთან ის პროცესები, რომელიც არის დაკავშირებული პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.