ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობის, არამედ იმ პრინციპით, რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის სიტყვა – დათმობის გამოყენება არასწორია.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მხარეებმა იმ პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას.
„ბუნებრივია, პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული ინტერესები აქვთ, მათ შორის სუბიექტური ინტერესებიც არის, მაგრამ პოლიტიკაში პოზიციების დაახლოება უნდა მოხდეს. ზუსტად იმის იმედი გვაქვს, რომ პოზიციები დაახლოვდება. მგონი, არასწორი სიტყვაა – დათმობა ორივე მხარის მიმართ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას. დათმობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ასეთივე პრინციპით იხელმძღვანელებს”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.