ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავადგინოთ, როგორი იქნება კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციის ეფექტი საზოგადოებრივ და სხვა მაუწყებელზე
მარეგულირებელ კომისიას ვთხოვეთ, წარმოგვიდგინონ მონაცემები, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის განთავსებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ზაზა ხუციშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს შეეხებოდა.
დეპუტატი დაინტერესდა, როგორი ზემოქმედება ჰქონდა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს სარეკლამო ბაზარზე.
„როდესაც ჩვენ ვიღებდით „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, იყო ძალიან ბევრი კითხვა კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით. მაშინ ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თემას მონიტორინგს გავუწევდით. პირადად ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი რთულად მიღებული გადაწყვეტილება. ბევრმა არგუმენტმა, მათ შორის ევროპულ მაუწყებელთა კავშირის თავმჯდომარის პოზიციამ თავისი ზეგავლენა მოახდინა. ჩემი თხოვნაა, გავუწიოთ მონიტორინგი, როგორი ზემოქმედება ჰქონდა ჩვენს მიერ მიღებულ კანონს და რა გავლენა იქონია მან სარეკლამო ბაზარზე“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია პროცესის მონიტორინგი.
„საზოგადოებას დავპირდით, რომ განვახორციელებდით ამის მონიტორინგს და ფაქტობრივად დაწყებული გვაქვს მუშაობა ამაზე. ვთხოვეთ შესაბამის უწყებებს, მარეგულირებელ კომისიას წარმოგვიდგინონ მონაცემები, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის განთავსებას, ასევე სხვა ტელევიზიებში კომერციული რეკლამის განთავსებას, განსაკუთრებით რეგიონულ მაუწყებლებში. მივიღებთ ამ ინფორმაციას, რომელიც გახდება საჯარო და ამაზე გვექნება დისკუსია. ჩვენ უნდა დავადგინოთ, როგორი იქნება ამ რეგულაციის ეფექტი საზოგადოებრივი მაუწყებელზე, სხვა მაუწყებლებზე და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ერთად უნდა ჩავერიოთ კანონმდებლობის კუთხით“,- განაცხადა კობახიძემ.