ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ მივიღებთ, და ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, შეიძლება, რადიკალურად შევცვალოთ პოლიტიკურ სპექტრში ვითარება სასიკეთო მიმართულებით
დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, სამწუხაროდ, ვერცერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია ვერ ლახავს ბარიერს, ვერც რადიკალურები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც არარადიკალურები, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის სამწუხარო რეალობა, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდია.
„ჩვენ ამ ვითარებაში შედეგად მივიღებთ პარლამენტში ისევ ორ პარტიას. ეს იქნება „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და არ იქნება წარმოდგენილი არცერთი არარადიკალური ოპოზიციური პარტია პარლამენტში, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, იმ პირობებში, თუ ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, და ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მომდევნო წლებში შეიძლება, რადიკალურად შევცვალოთ პოლიტიკურ სპექტრში ვითარება, რა თქმა უნდა, სასიკეთო მიმართულებით. რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტში შევა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ თუ „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით? რა განსხვავებაა, ახლა პლუს „ლელო“ შევა, პლუს გახარია, ეს ხომ ერთი პოლიტიკური ძალაა? არავითარი განსხვავება არ არის ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, ეს ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს პარლამენტში. დღესაც ხედავთ, რომ არის ათი პოლიტიკური პარტია პარლამენტში, მაგრამ ხარისხობრივად პლურალიზმის დონე არ არის სათანადო, რადგან სინამდვილეში არის ფორმალურად რვა პარტია ოპოზიციის წარმოდგენილი, მაგრამ რეალურად ამ რვა პარტიიდან უმეტესობა არის ერთი პოლიტიკური პარტია. ერთი პუნქტი არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი. რამდენი პარტია შევა პარლამენტში, ეს არ არის ევროკავშირის ინტერესის სფერო. ევროკავშირს აინტერესებს ის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.