ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის მთავარი,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობს სარკისებური ეფექტი. მისივე თქმით, საქართველოს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები აქვს და მისი ყოველი მოქმედება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები და ჩვენი ყოველი გათვლა ეფუძნება ამ პრინციპებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს იმ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს, რომლებმაც სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ და რუსეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, რუსეთი იტოვებს უფლებას, მათთან მიმართებით საპასუხო ნაბიჯები გადადგას.