ირაკლი კობახიძე - ელექტრონულ არჩევნებზე ინიციატივა მოიცავს ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობას, უზრუნველყოფს საარჩევნო პროცედურების უფრო გამჭვირვალობას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც მომზადდა სამუშაო ჯგუფის მიერ, ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.
„იყო 19 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც წარმოადგინა თავის დროზე ეუთო/ოდირმა და სწორედ ამ რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა კანონპროექტი. არის დაფარული ყველა საკითხი. კიდევ ერთხელ გავამახვილებთ ყურადღებას მთავარ თემაზე, ეს არის ელექტრონული წესით ხმის მიცემა და ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაინერგება საქართველოს მასშტაბით. ეს მოიცავს ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს. შეიძლება, იყოს 90 პროცენტი, მეტიც, უბრალოდ, ჩვენ თავს ვიზღვევთ ტექნიკური ასპექტებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიების დანერგვასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს ინიციატივა, რომელიც წარადგინეს, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო გამჭვირვალობას.
„მოხსნის უამრავ საკითხს, რაც იდგა დღის წერიგში. ეს არის იგივე ოქმების დაუბალანსებლობის საკითხი, რეგისტრაციასთან დაკავშირებული სპეკულაციები, თუ კითხვები, რაც უკავშირდებოდა იგივე ე.წ. კარუსელებს და ა.შ. უამრავი კითხვა მოიხსნება, ასევე არჩევნების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან უკვე რამდენიმე წუთში. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება პარლამენტის მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც ითვალისწინებს.