ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი

ჩვენ ვართ მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევნების მოლოდინში. ქვეყანა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული გამოწვევებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ევრონიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ეს არჩევნები ასევე წარმოადგენს რეფერენდუმს მშვიდობისა და ომის საკითხზე.

„ჩვენ გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტორი. მეორე მხრივ, საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, ბოლო 2.5 წლის განმავლობაში საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდის თითქმის ორნიშნა მაჩვენებელი, ყველაზე მაღალი შედეგი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი.

„2021, 2022 და 2023 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 9.7%-ს. წლევანდელი წინასწარი მონაცემებით კი, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასე რომ, ამ ტენდენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ სათანადო ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე საქართველოს არ მიიღებენ, როგორც ევროკავშირის სრულფასოვან წევრს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ „ევრონიუსის“ ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.