ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე
ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი დღე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
„რამდენიმე დღეში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ სრულიად საზოგადოებას, რომ გამოვიდეს ქუდზე კაცი ამ არჩევნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, აქ საქმე ეხება ომსა და მშვიდობას, საზოგადოებამ უნდა აირჩიოს მშვიდობა, აქ საქმე ეხება ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს, საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ტრადიციული ფასეულობები. აქ საქმე ეხება ერთ მხარეს მუდმივად სიძულვილის დათესვის მცდელობას ჩვენს ქვეყანაში, მეორე მხარეს არის მცდელობა, რომ ქვეყანას დავუბრუნოთ ის სურათი, რომლითაც გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში. ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ეს იყო ის, რაც იყო დამახასიათებელი ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველთვის და აქ ხელოვნურად ვიღაცები, მათ შორის, გარე დაფინანსებით, ცდილობენ სიძულვილის დათესვას და ამასაც უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებამ 26 ოქტომბერს.
თქვენ ხედავთ, რა სახეები არიან წარმოდგენილი ოპოზიციაში – სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობა“, აქეთ არის გვარამიას პარტია, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა სახეებზეა საუბარი. აქეთ ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად. გახარიას დანაშაულებზეც ვისაუბრეთ. არ შეიძლება, ამ ბნელ წარსულში დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება სწორედ მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.