ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი, კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წელს მოგვენიჭა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ 48%, მას შემდეგ რეიტინგი გაიზარდა და აჭარბებს 60%-ს
ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს.
„ყველა ხედავთ, რომ ძალიან ბევრი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ესენი არიან, არსებითად, ის ადამიანები, რომლებიც სწორედაც რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებული და რომლებსაც არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. მაგალითად, რადიკალური ოპოზიცია, რომლის რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით; ასევე „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციებს აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში; სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მთლიანად პოლიტიკურად დისკრედიტირებულია ქართველი ხალხის თვალში.
ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი. ეს მანდატი მოგვენიჭა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და დღეს აჭარბებს 60%-ს. მარტში გვქონდა ჩვენ 61%-ზე მეტი რეიტინგი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ეს რეიტინგი გაიზრდებოდა. უახლოეს მომავალში გაიზომება ასევე ახალი რეიტინგი. როდესაც მმართველ გუნდს, ხელისუფლებას აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10 და 15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, გვეჩვენებინა, სად დგას სინამდვილეში ხალხი. ხალხი დგას ხელისუფლების მხარეს, 60%-ზე მეტია ჩვენი რეიტინგი და ქართული საზოგადოება მხარს უჭერს იმ კანონს, რომელიც არის ინიცირებული, მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანუ ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება. ძალიან მნიშვნელოვანია 29 აპრილს გასამართი ღონისძიება და მოვუწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა კობახიძემ.