ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს 60 პროცენტამდე რეიტინგი, „ნაცმოძრაობას“ კი - 18, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდაჭერა
ჩვენ გვაქვს 60 პროცენტამდე რეიტინგი, „ნაცმოძრაობას“ კი — 18, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, კიდევ უფრო გაიზარდოს მხარდაჭერა.
„ბოლო რეიტინგები ასეთია, „ნაცმოძრაობას“ აქვს 18%, ყველა სხვა პარტიას – 5%-ს ქვემოთ. ასეთია დღევანდელი ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ ხედავთ, რომ შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება, თუ „ნაცმოძრაობის“ ვერცერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი, ჩვენ გვაქვს 60%-მდე, „ნაცმოძრაობას“ – 18%, რაც ნიშნავს, რომ, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.