ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამის თანახმად, 2028 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ეკონომიკა, მინიმუმ, 130 მლრდ ლარს მიაღწევს.
„ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც აბსოლუტურად მიღწევადია. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მიმართულებით მუშაობას. მთავარი, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, ეს არის, ზოგადად, მშვიდობა, საერთო პოლიტიკური სტაბილურობა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს სათანადო საგადასახადო კანონმდებლობა, ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წელს, ბიზნესი დღეს არის აბსოლუტურად, სრულად თავისუფალი. გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში და ეს გუნდი განაპირობებს სწორედ იმ შედეგებს, რაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს ამოცანა არის აბსოლუტურად რეალისტური, 130 მლრდ ლარს მიაღწევს ჩვენი ეკონომიკა 2028 წლისთვის, რაც სხვა მაჩვენებლებზეც აისახება. შესაბამისად, 40 მლრდ ლარს გადასცდება ქვეყნის ბიუჯეტი, როცა წელს იყო 28 მლრდ ლარი. 2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტი იყო მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი, როცა თავს იწონებდა საკუთარი ეკონომიკით წინა ხელისუფლება. ეს აისახება ასევე დასაქმების მაჩვენებელზე. ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და 26.7%-დან ჩამოვიყვანეთ 13.7%-მდე. ჩვენი პროგრამის მიხედვით, შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი და უმუშევრობა ჩამოსცდება 4%-იან ნიშნულს, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 6%. ეს აისახება სიღარიბეზე. სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობდა 1 120 000 ადამიანი 2012 წელს. ჩვენ თითქმის სამჯერ შევამცირეთ ეს მაჩვენებელი, 11.8% იყო უკვე შარშან სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე სიღარიბე 4%-ს ჩამოსცდება. 680 000-მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში პირველი 12 წლის განმავლობაში და დამატებით, მინიმუმ, 300 000 ადამიანი დაძლევს სიღარიბეს შემდეგი 4 წლის მანძილზე. ეს არის ერთდროულად რეალისტური და ამბიციური დაპირებები, რაც არის ასახული ჩვენს პროგრამაში. ჩვენ არ გვაქვს არცერთი ისეთი დაპირება, რომელიც არ არის შესრულებადი. ყველა არის თან შესრულებადი, თან ძალიან ამბიციური“, – განაცხადა პრემიერმა.