ირაკლი კობახიძე - ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, ხელი მოგვეწერა დოკუმენტზე, უბრალოდ, გვსურდა გარკვეული თემების დაზუსტება, თუმცა აქამდეც არ მივიდა საქმე ორი ულტიმატუმის გამო, რომელიც დააყენა ოპოზიციამ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ოცნებას“ მოლაპარაკების პროცესისადმი კონსტრუქციული მიდგომა ჰქონდა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად იყო, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, უბრალოდ, სურდათ გარკვეული საკითხების დაზუსტება.
„რაც შეეხბა დოკუმენტს და მოლაპარაკებებს, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ზოგადი მზადყოფნა, ხელი მოგვეწერა ამ დოკუმენტზე. უბრალოდ, იყო ოთხი კონკრეტული საკითხი, რასთან დაკავშირებითაც გვინდოდა გარკვეული თემების დაზუსტება, გვინდოდა არგუმენტებით რაღაცების დამატებით განხილვა იმ ოთხ პუნქტთან მიმართებით. ეს იყო პროკურორის, ცესკო-ს თემა, ბარიერთან დაკავშირებული, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული თემა და კომიტეტების საკითხი. ამ ოთხ თემაზე გვინდოდა უბრალოდ დამატებით მსჯელობა“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
კობახიძის განმარტებით, მსჯელობამდე არც მისულა საქმე იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიციამ იმთავითვე დააყენა ორი ულტიმატუმი ორ საკითხთან დაკავშირებით.
„ეს იყო რურუას და რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის საკითხი. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, ჩვენ არც ერთ თემასთან დაკავშირებით, არც ერთ ამ ოთხ პუნქტთან დაკავშირებით არ დაგვიყენებია არავითარი ულტიმატუმი, ჩვენი მხრიდან იყო ზოგადი მზაობა, რომ ხელი მოგვეწერა დოკუმენტზე, თუმცა აქამდეც არ მივიდა საქმე, ეს იყო მაგიდის გარშემო რეალობა. საუბარი იყო კომიტეტების სხვაგვარად გადანაწილებაზე. პარლამენტში დღეს არის 16 კომიტეტი, 16-ვე კომიტეტის თავმჯდომარე არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და საუბარი იყო იმაზე, რომ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია უნდა გადანაწილებულიყო ოპოზიციაზე.
ჩვენ გვინდოდა ტექნიკური საკითხების გავლა, მათ შორის გვინდოდა ოპოზიციის საბოლოო პოზიციის მოსმენაც, რადგან მათ გააკეთეს საჯარო განცხადება, რომ ეს კომიტეტები მათ არ აინტერესებდათ. ოპოზიციასთან ამ საკითხის არსებითად გავლა გვინდოდა. წარმოიდგინეთ, რომ წინა დღეს კეთდება საჯარო განცხადება ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ კომიტეტები არ აინტერესებთ, ამის მიუხედავად, ეს პუნქტი მაინც რჩება შეთანხმების ტექსტში. ჩვენ გვინდოდა უბრალოდ დაზუსტება, საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება იგივე რჩებოდა, თუ ეს იყო შეცვლილი, რადგან, ბუნებრივია, ამაზე იყო დამოკიდებული საბოლოო ტექსტის ფორმულირება. მაგალითად, კომიტეტებთან მიმართებით ამ საკითხის გავლა გვინდოდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. რაც შეეხება პროკურორის არჩევის საკითხს, იქ მეტწილად ტექნიკური საკითხების დაზუსტება გვინდოდა, წმინდა სამართლებრივი, ტექნიკური საკითხების. ცესკო-სთან დაკავშირებითაც იყო იგივე. რაც შეეხება შესაძლო რიგგარეშე არჩევნების თემას 2024 წლამდე, ჩვენ აქ გვინდოდა, ძალაში დაგვეტოვებინა 8 მარტის შეთანხმების შესაბამისი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები იგივე სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ანუ, 120/30-ზე ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში. ეს საკითხი დოკუმენტში არის, საუბარია იმაზე, რომ ყოველი შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ამაში იგულისხმება მათ შორის 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გვინდოდა, ხელუხლებელი დაგვეტოვებინა 8 მარტის შეთანხმების პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდა იგივე სისტემით, 120/30-ზე და 2024 წლამდე აირჩეოდა შესაბამისი პარლამენტი.
ამის დატოვება გვინდოდა 8 მარტის შეთანხმებაზე მითითებით. 8 მარტის შეთანხმებაში ეს პუნქტი იმიტომ ჩაიწერა, რომ ჩვენ იმთავითვე გვქონდა საბოტაჟის გარკვეული მოლოდინი, რაც გამართლდა. რადგან ეს მოლოდინი გამართლდა, შესაბამისი პუნქტი არ უნდა იყოს ამოღებული ახალი შეთანხმებიდან. ამაზე იყო საუბარი, თუმცა ამაზეც არ გვქონდა მაინც და მაინც რადიკალური პოზიცია. იყო ოთხი თემა, ოთხივე საკითხთან დაკავშირებით გვქონდა სხვადასხვა მოსაზრება და უბრალოდ, ამის დამატებით განხილვას ვთხოვდით ჩვენ როგორც მოდერატორის, ისე ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა აქამდეც არ მივიდა საქმე იმ ორი ულტიმატუმიდან გამომდინარე, რომელიც იმთავითვე დააყენა ოპოზიციამ, ეს ეხებოდა რურუას და პლებისციტს, რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.