ირაკლი კობახიძე - ჩვენ გაცხადებული გვაქვს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ პრიორიტეტების შესაბამისად ვმოქმედებთ
ჩვენ გაცხადებული გვაქვს სამშვიდობო პოლიტიკა და ბუნებრივია, ამ პრიორიტეტების შესაბამისად ვმოქმედებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიულ მთლიანობასთან არის დაკავშირებული.
„საქართველოს პარლამენტმა წინა სესიაზე დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა – ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ბუნებრივია, ვმოქმედებთ ამ პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან არის დაკავშირებული. ეს იქნება ამოსავალი წერტილი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ვმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული მხარის ინიციატივას, განვითარდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის, რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.
„ჩვენი პრიორიტეტია ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ექმნება ხელოვნური ბარიერი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ადამიანებს შორის ურთიერთობები, რათა აღდგეს ნდობა ჩვენს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.