ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ პროექტის კანდიდატის საკითხთან დაკავშირება არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ფაქტებით დასტურდება ეს ყველაფერი
დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება, რომ ყველაფერი გახდება გამჭვირვალე.
„გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება. ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და, საბოლოო ჯამში, ის ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან. ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. ამ კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის სპეკულაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატეთ ევროპული ინსტიტუტების მიმართ იმით, რომ გავაგზავნეთ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, რაც თავიდანვე იყო დაპირებული. დამთავრებული ამბავია, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას. საზოგადოებას იმაშიც კი ატყუებდნენ, თითქოს კანონი უკვე მიღებული იყოს. გუშინ საზოგადოების 90 პროცენტმა იცოდა ტყუილი, თითქოს პარლამენტმა დაასრულა ამ კანონის მიღება, რაც იყო ტყუილი, თქვენ ხომ იცით, რომ ეს ტყუილია, მაგრამ საზოგადოების 90 პროცენტი დააჯერეს ამ ტყუილში“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა ნიშნავს ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას.
„ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად გავაგრძელებთ მოქმედებას, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ რაღაცაზე მსჯელობაც კი არ უნდა დაიწყო, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების ღირსების შელახვა. ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა იმ თემაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტური იმ ფაქტების გამო, რომლებიც, მათ შორის, დღეს ჩამოვთვალე. რაც შეეხება ევროპული ინსტიტუტების პატივისცემას, კანდიდატის სტატუსის მოფრთხილებას, ეს ყველაფერი გამოხატულია სწორედ იმით, რომ დოკუმენტი უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. სულ მცირე, სამი თვე დასჭირდება იქიდან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი. აქედან გამომდინარე, კანდიდატის საკითხთან ამ პროექტის დაკავშირება არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ფაქტებით დასტურდება ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ არსებითად, პრინციპულად ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. არის ხოლმე, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როდესაც რაღაცას არ ვიზიარებთ, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები და იქაც გვაქვს ხოლმე არგუმენტები, მაგრამ, პრინციპულად, ჩვენ ვიზიარებთ ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქედან ჩანს ის, თუ რამდენად სპეკულაციურია კამპანია, რომელიც ეხება კანდიდატის სტატუსთან ამ კანონპროექტის დაკავშირებას. თავიდანვე ითქვა, რომ ჩვენ დოკუმენტს გავაგზავნიდით ვენეციის კომისიაში, დაველოდებოდით სწორედ ამ ევროპული სტრუქტურის დასკვნას და ამის შემდეგ გაგრძელდებოდა ამ კანონპროექტის განხილვა მეორე და მესამე მოსმენით. წინ არის ორი მოსმენა კიდევ. საზოგადოება მოატყუეს, რომ თითქოს დამთავრებული იყო კანონის მიღება. საზოგადოება მოატყუეს, რომ არავის არ ვუსმენდით. ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია. იყო ერთკვირიანი კამპანია, რაც იყო გათვლილი სწორედ ვნებათაღელვის გამოწვევაზე, თუმცა საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა კიდევ ერთხელ შეიყვანეს ისინი შეცდომაში“, – განაცხადა კობახიძემ.