ირაკლი კობახიძე - ჩვენ არავინ მიგვყავს „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, ეს არის სამარცხვინო ტყუილი, ტრანსპორტით დახმარება ჩვეულებრივი მოვლენაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეები მიჰყავს.
კობახიძის თქმით, რეგიონებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა ათჯერ ნაკლებია ხალხის იმ რაოდენობაზე, ვინც „ქართული ოცნების“ შეხვედრებს ესწრება.
„ტყუილს ამბობთ. გურიაში რამდენი საჯარო მოსამსახურეა? მე გეტყვით, იმაზე დაახლოებით ათჯერ ნაკლები, ვიდრე იყო მისული ღონისძიებაზე. სულ ყველა, ყველა საჯარო მოსამსახურე რომ მიგვეყვანა, მაინც ათჯერ მეტი გვეყოლებოდა მისაყვანი ადამიანი. ხვდებით, რაშია საქმე? სამარცხვინო ტყუილებია, რასაც თქვენ ავრცელებთ. ჩვენ არავინ არ მიგვყავს. საჯარო მოსამსახურე იმავდროულად თუ არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ისიც მიდის აქციაზე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ზოგადად, ტრანსპორტით დახმარებაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. არაფერზე არ გაქვთ არგუმენტი და ამბობთ ტყუილებს, რაც ძალიან ცუდია. არავის არ სჭირდება საჯარო მოსამსახურეების მობილიზება იქ. რატომ? იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები მაინცაა იმაზე, ვიდრე ხალხი მიდის აქციებზე. ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილს ამბობთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.