ირაკლი კობახიძე - ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ე.წ. პროდასავლური და ღიად პრორუსული პარტიები ერთად სხედან, როგორ შეიძლება, აქ ღირებულებითი შეუთავსებლობა არ გაჩნდეს
ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ე.წ. პროდასავლური და ღიად პრორუსული პარტიები ერთად სხედან, როგორ შეიძლება, აქ ღირებულებითი შეუთავსებლობა არ გაჩნდეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომელსაც ნინო ბურჯანაძის პარტია, „ერთიანი საქართველო“ არ შეუერთდა.
კობახიძის განცხადებით, საზოგადოება შეაფასებს, ვის საქმეს ემსახურებიან ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები.
„თავისთავად ძალიან საინტერესო ფაქტია. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ე.წ პროდასავლური და ღიად პრორუსული პარტიები ერთად სხედან. როგორ შეიძლება, აქ არ გაჩნდეს ღირებულებითი შეუთავსებლობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არა მარტო ღიად პრორუსული პარტიები არიან პრორუსულები, არამედ ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც თავიანთ თავს პროდასვალურ პარტიებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოება შეაფასებს იმას, თუ ვინ რა ღირებულებებზე დგას და ვის საქმეს ემსახურებიან ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“ არ შეუერთდა. მოგვიანებით, პარტიის წევრმა, გიგლა ბარამიძემ განმარტა, რომ „ერთიანი საქართველო“ სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებას ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის ნაწილში არ ეთანხმება.