ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დოჰაში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.
ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, თალათ ქსაფერის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირის გააქტიურებისა და ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს ამ მიმართულებით მსგავსი მისწრაფებები და ინტერესები აერთიანებს და მნიშვნელოვანია, რომ საერთო მიზნების მისაღწევად ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო გააქტიურდეს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.