ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა თანამშრომლობის გასაღრმავებლად არსებობს ძალიან დიდი სივრცე, ამისთვის ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება
ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა თანამშრომლობის გასაღრმავებლად არსებობს ძალიან დიდი სივრცე, ამისთვის ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ დელეგაცია, ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით, შეხვედრებს განაგრძობს.

მმართველი პარტიის დელეგაციის წევრები დღეს ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის ყველა განზომილება.

„გრძელდება ჩვენი ვიზიტი ჩინეთში. შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის ყველა განზომილება არის თანაბრად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ შევეხეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას და გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და იმ პროცესის მიმართ, რომელიც არის დაკავშირებული ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთთან უკვე აქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„პირველ რიგში, პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორის, მმართველ პარტიებს შორის და, მათ შორის, ამას ემსახურება ის ვიზიტი, რომელიც ახლა ხორციელდება ჩინეთში. ეკონომიკური განზომილებაც არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა არსებობს ძალიან დიდი სივრცე, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამისთვისაც, რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.