ირაკლი კობახიძე - ჩემი შენ გითხარიო, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე შეიძლება ითქვას
ჩემი შენ გითხარიო – ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც ჰელსინკის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.
კობახიძის თქმით, არ შეიძლება, მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იმავეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
„ქოლცენტრების საქმე გაიხსნა სწორედ ქართული მხარის თანამონაწილეობით. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩატარდა გერმანელ კოლეგებთან ერთად. ასევე იცით, რომ „ბიბისის“ მიერ ჟურნალისტური გამოძიება იყო წარმართული ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობაა. არის ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია ამ საქმეში, ის ცხოვრობს ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ესაა ის სურათი, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა მეტი სიცხადე, თუმცა ეს არის რეალური მოცემულობა. რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის ე.წ დასკვნას, უბრალოდ, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ჩემი შენ გითხარიო – ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც ჰელსინკის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არ შეიძლება, მხარს უჭერდე კეზერაშვილის მიერ პენსიონერების ძარცვას და თან იმავეს აბრალებდე სხვა სუბიექტს, რომელსაც ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
არის საკმაოდ რთული დანაშაული და მთელი ქსელია შექმნილი სხვადასხვა ქვეყანაში. მარტო საქართველო არ იყო გეოგრაფიულად ის სივრცე, სადაც ასეთი ქოლცენტრები იხსნებოდა. დღემდე მოქმედებს არაერთ ქვეყანაში ასეთი ქოლცენტრები. რთულია გამოსაძიებლად ეს დანაშაული, თუმცა ამის მიუხედავად, პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, მოახერხა დანაშაულის გახსნა და ეს დანაშაული, როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთა. რაც შეეხება შემდგომ ინტერესს, თუ იქნება ასეთი ინტერესი, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო უწყება არის მზად, ითანამშრომლოს უცხოელ კოლეგებთან. პროკურატურა ისედაც აქტიურად თანამშრომლობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რა თქმა უნდა, ყველა სამსახური იქნება მზად იმისთვის, რომ თუ იქნება ინტერესი, მაქსიმალური ინფორმაცია გააზიაროს და მაქსიმალურად იყოს თანამშრომლობის რეჟიმში. ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია ამ თემასთან, რა კავშირშია ქოლცენტრებთან დაკავშირებით? გამოძიებაზე თუ არის საუბარი, აქედანაც იქნებიან საგამოძიებო უწყებები და იქიდანაც იქნებიან საგამოძიებო უწყებები, მათ შორის უნდა შედგეს თანამშრომლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „ივანიშვილი, შეიძლება, საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც კი აღმოჩნდეს, თუ მასთან კითხვების შემთხვევაში გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს“, – კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი ქოლცენტრების თემასთან არაფერ შუაშია.
„რა შუაში არიან ბიძინა ივანიშვილი და ქოლცენტრები? რა შუაში, კეზერაშვილში ხომ არ გეშლებათ, შვილზე მთავრდება ორივე. კეზერაშვილს მიხედეთ, ჩემი რჩევა ეს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.