ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მიმართავს - ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნაა, საარჩევნო კამპანია წარმართეთ ბინძური მეთოდების გარეშე
ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მიმართავს - ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნაა, საარჩევნო კამპანია წარმართეთ ბინძური მეთოდების გარეშე

ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნაა, საარჩევნო კამპანია წარმართეთ ბინძური მეთოდების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს მიმართა.

„ერთი კითხვა მაქვს, ეს ბინძური საარჩევნო კამპანია რომ შეაჩეროთ, არ გინდათ? სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, წარმართულიყო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. ეს იყო მისი ინიციატივა. ევროპელი ქალბატონია ევროპული ფესვებით, ზოგიერთი „კაგებეშნიკი“ კანდიდატისგან განსხვავებით, მან შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის? გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს. როგორ შეიძლება ამის შემდეგ ვიღაცა გენდოთ და რაღაცაში გამოგყვეთ.

ჩემი მოწოდება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის არის – გააჩერეთ, ძალიან გთხოვთ, ეს ბინძური საარჩევნო კამპანია, ნუ უწოდებთ სამარცხვინოს სხვა კანდიდატს. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე, ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენ მიმართ, საარჩევნო კამპანია წარმართეთ ამ ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე. ხომ არ შემოვდივარ იმის განხილვაში, ვინ არის სამარცხვინო და ვინ არა. სახელმწიფოებრივი თხოვნაა, ბინძური კამპანიის გარეშე წარმართეთ ეს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.