ირაკლი კობახიძე - ჩემი მოწოდებაა მინისტრების, საჯარო დაწესებულებების, თვითმმართველობის მიმართ, ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან ყველას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია
ჩემი მოწოდებაა არა მარტო მინისტრების, არამედ საჯარო დაწესებულებების, თვითმმართველობის მიმართ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან, ეს არის ყველაზე სათანადო გზა პრობლემების გადასაჭრელად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქმე როდესაც ეხება დარგობრივ სამინისტროს, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, პირველ რიგში, დარგის სპეციალისტებსა და წარმომადგენლებთან.
„ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, პირველ რიგში, დარგის სპეციალისტებთან, წარმომადგენლებთან. ამ თვალსაზრისით, საჭიროა სწორი მიდგომა. მე არ მინდა, შევიდე ნიუანსებში, რა დონეზე იყო ეს პრობლემა, ვისგან იყო ეს პრობლემა და ასე შემდეგ, მაგრამ, ფაქტია, დავინახეთ, რომ იმავე რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში, იყო სხვა შემთხვევები, ასეთი კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა.
თქვენ ასევე ხედავდით, რომ ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს, ასეთ საკითხებს არ სჭირდება უფრო მაღალ დონეზე ატანა, უფრო დაბალ დონეზე შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე მე პრობლემები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს არა მარტო ჯანდაცვის, არამედ ყველა სფეროში. ეს იქნება ჩემი თხოვნა.
ჩემი მოწოდებაა, არამარტო ყველა მინისტრის, ყველა საჯარო დაწესებულების, თვითმმართველობის მიმართ, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან, ეს არის ყველაზე სათანადო გზა იმისთვის, რომ პრობლემები გადაიჭრას. მე პირადად როდესაც მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, პერსონალთან, მოვიდა რვა ადამიანი, ინტელიგენტი ექიმი ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და გათვალისწინება. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, არასწორი პოზიციაა, თუნდაც დარგის წარმომადგენლების მხრიდან. აქ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც მოდიან დარგის წარმომადგენლები, გისაბუთებენ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება სხვანაირად, უკეთესად, იქ საჭიროა ჯანსაღი მიდგომა, საჭიროა ამ ყველაფრის გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.