ირაკლი კობახიძე - ჩეხეთის ელჩის მიერ ექსპორტთან დაკავშირებული განცხადება თუ მართლა გაკეთდა, იქნება დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ
ასეთი განცხადება თუ გაკეთდა, ელჩის მიმართ დიპლომატიური რეაგირება იქნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ჩეხეთის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და დარწმუნებულია, გაორმაგებულია იმის ხარჯზე, რომ პროდუქცია რუსეთში გადის“.
ირაკლი კობახიძის თქმით, თავის დროზე, მსგავსი განცხადებები გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხრიდან, თუმცა შემდეგ მათ ამის უარყოფა მოუწიათ.
„ეს განცხადება პირველად მესმის, მაგრამ თუ მართლა გაკეთდა, წარმოუდგენელია. თავის დროზე, ასეთი განცხადებები მოსმენილი გვაქვს უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და შემდეგ თავად მოუწიათ ამის უარყოფა. ასეთი რამ ყველამ უარყო. თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, სჭირდება რეაგირება. უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებაზე რეაგირება მოვახდინეთ და მათ განცხადების უკან წაღება მოუწიათ. ამ შემთხვევაშიც, ასეთი რეაქცია გვექნება, დიპლომატიური რეაგირება იქნება ელჩის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.