ირაკლი კობახიძე - ჩანს, რომ პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად ცდილობს ცესკო-ში ინსტიტუციური კრიზისის შექმნას, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ
ჩანს, რომ ეს არის საბაბი, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად ცდილობს, შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში, რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
კობახიძიის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საბაბია ის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის და რამდენიმე შუალედური არჩევნები კრიტიკული შენიშვნების გარეშე ჩაატარეს.
„ორ წელზე მეტია, ცესკო-ში არ გვყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. არის გიორგი კალანდარიშვილი მოქმედი თავმჯდომარე და ასევე ორი წევრი, რომლებმაც ჩაატარეს რამდენიმე არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენიმე შუალედური არჩევნები. მინდა, შეგახსენოთ, რომ არცერთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ ყოფილა კრიტიკული შენიშვნები. ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ კიდევ ერთხელ კონკურსში; კონკურსი ავლენს, რომ ისინი არიან საუკეთესოები თავიანთი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებით და მაინც არ წარადგენს მათ პრეზიდენტი. საბაბი არის ის, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ კალანდარიშვილს და ცესკო-ს ორ წევრს.
ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რა საარჩევნო რეფორმა გატარდა 12 პუნქტის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ. შემოღებულია ელექტრონული არჩევის წესი. ამომრჩეველთა 91 პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით და არჩევნების დახურვიდან ერთ საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგები იდება უკვე ცესკო-ს ვებგვერდზე. ამ ვითარებაში ცესკო-ს ეკისრება ერთადერთი მისია, ამ ყველაფრის ტექნიკური ადმინისტრირება მოახდინოს სათანადოდ. არავითარი მანიპულაციის ბერკეტიც კი არ რჩება ცესკო-ში და ამ ადამიანებს რომ აქვთ ტექნიკური ადმინისტრირების უმაღლესი შესაძლებლობა, ეს დაამტკიცეს როგორც კალანდარიშვილმა, ასევე ცესკო-ს სხვა წევრებმა. ერთადერთი, თუ ცესკო აღმოჩნდება ოპოზიციის ხელში, მას შეუძლია მარტივად, არგუმენტაციის გარეშე არ დაამტკიცოს შემაჯამებელი ოქმი და განახორციელოს საბოტაჟი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.