ირაკლი კობახიძე - ცესკო-ში ხელოვნურადაა კრიზისული ვითარება, პრეზიდენტმა უარი თქვა შესაბამისი კანდიდატების წარმოდგენაზე ერთადერთი მიზეზით, მათ მხარს არ უჭერდნენ „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელოვნურად არის შექმნილი კრიზისული ვითარება ცესკო-ში.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტისთვის კონკრეტული კანდიდატების წარდგენაზე, ერთადერთი მიზეზით, რომ მათ მხარს არ უჭერდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და საარჩევნო კანონმდებლობაზე ვეტოს დაძლევა ინსტიტუციური კრიზისის პრევენციას ემსახურება.
„ორ წელიწადზე მეტია, რაც ცესკო-ს წინა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დატოვა თანამდებობა. შესაბამისად, ორ წელიწადზე მეტია, ცესკო-ს არ ჰყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე. არის მხოლოდ ექვსი თვით არჩეული თავმჯდომარე, ასევე ორი წევრი, რომლებსაც გაუხანგრძლივდათ უფლებამოსილების ვადა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა წევრები არ არიან არჩეული და სხვა თავმჯდომარე არ არის არჩეული. ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობა. ხელოვნურად არის შექმნილი ერთგვარი კრიზისული ვითარება ცესკო-ში და ეს ვითარება აუცილებლად გამოსასწორებელია. შეგახსენებთ, თავის დროზე პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე, ცესკო-ს ორი წევრი, წარმოუდგინა პარლამენტს და ამ კანდიდატებმა მიიღეს პარლამენტის მხარდაჭერა, მაშინ ოპოზიციონერებიც იყვნენ, რომლებიც მხარს უჭერდნენ შესაბამის კანდიდატებს. ამის შემდეგ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ჰქონდა მათი წარმოდგენის საშუალება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ საუკეთესო კანდიდატები, პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტისთვის მათ წარდგენაზე, ერთადერთი მიზეზით, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ უჭერდა, მაგალითად, „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ და ა.შ. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება არგუმენტი. თუ კონკურსი ტარდება, განმსაზღვრელი უნდა იყოს კონკურსი. შესაბამისად, პრეზიდენტმა დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და მიუხედავად იმისა, რომ, კონკურსის მიხედვით, ეს ადამიანები იყვნენ საუკეთესოები, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამმა ადამიანმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა როგორც თვითმმართველობის, ასევე შუალედური არჩევნები, პრეზიდენტმა უარი თქვა მათ წარდგენაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ აშკარად ნიშნებს, რომ არის ცესკო-ში ხელოვნურად კრიზისის შექმნის მცდელობა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. რა თქმა უნდა, კანონი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიღებული, რომელთან დაკავშირებითაც დღეს დაიძლევა ვეტო, ემსახურება სწორედ ასეთი ინსტიტუციური კრიზისის პრევენციას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც ჩატარდა, მაგალითად, ბოლო თვითმმართველობის არჩევნები. აქედან გამომდინარე, უმთავრესი ამოცანაა, არავის მივცეთ ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.