ირაკლი კობახიძე - ცალკე სტატუსი სახელმწიფოს მეთაურს არ ანიჭებს ძალაუფლებას, თუ ის უფლებამოსილებებით არ არის გამყარებული, ესაა განსხვავება საპარლამენტო და საპრეზიდენტო მმართველობას შორის
ირაკლი კობახიძე - ცალკე სტატუსი სახელმწიფოს მეთაურს არ ანიჭებს ძალაუფლებას, თუ ის უფლებამოსილებებით არ არის გამყარებული, ესაა განსხვავება საპარლამენტო და საპრეზიდენტო მმართველობას შორის

სტატუსი ვერ იქნება უფლებამოსილებად განმარტებული, სტატუსი არის სტატუსი, უფლებამოსილება არის უფლებამოსილება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მიდგომა, ესაა მიღებული პრაქტიკა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო მმართველობასა და საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას შორის განსხვავება არის ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში სტატუსი არ არის გამყარებული უფლებამოსილებებით. კობახიძის განმარტებით, უფლებამოსილებებით თუ არ არის სტატუსი გამყარებული, ცალკე სტატუსი სახელმწიფოს მეთაურს საერთოდ არ ანიჭებს ძალაუფლებას.

„რაც შეეხება 49-ე მუხლს და კონსტიტუციის სხვა ნორმებს, სამი ჩანაწერისგან შედგება 49-ე მუხლი. პირველი ეხება სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს, მეორე – მთავრსარდლის სტატუსს და მესამე – წარმომადგენლობით სტატუსს. შეგნებულად დასათაურდა 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციის ნორმები. ამ მუხლს ეწოდება საქართველოს პრეზიდენტის არა უფლებამოსილებები, არამედ სტატუსი. სტატუსი არის სტატიკური მდგომარეობა და იძლევა პასუხს კითხვაზე, ვინ არის პრეზიდენტი. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი და ის თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. ეს არის პასუხი, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეეხება უფლებამოსილებებს, უფლებამოსილების ნაწილში ჩვენ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რას აკეთებს, რისი უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის საყოველთაოდ მიღებული განამარტება, რომ სტატუსი ვერ იქნება უფლებამოსილებად განმარტებული, სტატუსი არის სტატუსი, უფლებამოსილება არის უფლებამოსილება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მიდგომა, ეს არის მიღებული პრაქტიკა. ყველა საპარლამენტო რესპუბლიკას და მონარქიას ახასიათებს სიმბოლიზმის ძალიან მაღალი ხარისხი. მაგალითად, ესპანეთის მეფეს ეწოდება უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არაფერს ნიშნავს, თუ ეს სტატუსი არ არის გამყარებული უფლებამოსილებებით. სტატუსი უნდა იყოს გამყარებული უფლებამოსილებებით და სწორედ ამით განისაზღვრება განსხვავება საპარლამენტო მმართველობასა და საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას შორის. კერძოდ, საპარლამენტო რესპუბლიკაში სტატუსი არ არის გამყარებული უფლებამოსილებებით, ხოლო სხვა სისტემებში  – არის. 2013 წელს, როდესაც შეიცვალა მმართველობის სისტემა, ბევრი ვერ გაერკვა საზოგადოებაში, მაშინ უცხო ხილი იყო საპარლამენტო მმართველობა. მანამდე მიჩვეული იყო ხალხი სუპერსაპრეზიდენტო მმართველობას და პრეზიდენტს ჭარბი ძალაუფლებით. 2013-14 წლებში ძალიან ხშირად საზოგადოებაში ისმებოდა კითხვა, რატომ არ ამართვინებთ ამ კაცს სახელმწიფოს, მარგველაშვილზე იყო საუბარი. ეგონათ, რომ როგორც სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, ასევე უნდა ემართა მარგველაშვილს ქვეყანა. თუ ვერ ვერკვევით კონსტიტუციონალიზმის ასპექტებში, შეიძლება, ასე მოგვეჩვენოს ეს ჩანაწერი, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მართოს სახელმწიფო, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის უბრალოდ სიმბოლიზმის მაღალი ხარისხი, რაც დამახასიათებელია საპარლამენტო მმართველბისთვის. საქართველოს კონსტიტუციაში ასეა, სახელმწიფოს მეთაური შემდეგ თუ არ დაკონკრეტდა კომპეტენციებით, არაფერს არ ნიშნავს. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და ეს კომპეტენციები არის გაწერილი, არა მარტო პრეზიდენტის, არამედ სხვა თავებშიც, მაგალითად, თავდაცვა-უსაფრთხოების თავში და ა.შ. იგივე ეხება მთავარსარდალს, ჩვენ თუ ასე წავიკითხვათ ამ სტატუსს, რომ ეს არის კომპეტენციაც, მაშინ გამოდის, რომ ბრძანება უნდა გასცეს პრეზიდენტმა ჯარზე და ჯარმაც უნდა შეასრულოს, მაგრამ შემდეგ კონსტიტუციაში ხომ გვიწერია, ვის აქვს მხოლოდ ამ ბრძანების გაცემის უფლება, მშვდობიან პერიოდში – თავდაცვის მინისტრს და საომარ პერიოდში – პრემიერ-მინისტრს. ანუ, თუ კომპეტენციით არ არის გამყარებული პრეზიდენტის სტატუსი, მას კი ჰქვია მთავრსარდალი, მაგრმ ვერავითარ ბრძანებას ვერ გასცემს, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, იგივე ეხება წარმომადგენლობით სტატუსსაც, სტსტუსი არის განსაზღვრული 49-ე მუხლში, მაგრამ შემდეგ არის დაკონკრეტებული, რას გულისხმობს ეს წარმომადგენლობითი სტატუსი ძალაუფლების და უფლებამოსილების თვალსაზრისით.

„ეს არის გამოხატული შესაბამის მუხლებში, მათ შორის, ელჩების დანიშვნაში, სამართლებრივი შემოწმების უფლება აქვს და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ნიშნავს ელჩებს, ასევე აკრედიტაციის მიღება და იგივე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება მთავრობის თანხმობით, მოლაპარაკებების წარმოება მთავრობის თანხმობით და ასევე ხელშეკრულებების დადება მთავრობის თანხმობით. იმიტომ არ არის გამყარებული სტატუსი ფართო კომპეტენციებით, რომ ეს არის საპარლამენტო მმართველობა და არა – საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო. 49-ე მუხლი ადგენს სტატუსს და არა – უფლებამოსილებას. შეიძლება, შეგვეშალა ჩვენ, მაგრამ წერია კონსტიტუციაში, რომ ეს არის სტატუსი და არა – უფლებამოსილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.