ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, უმაღლეს დონეზე შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ძალისხმევა წარმატებით დასრულდეს და სტატუსი მოგვენიჭოს
ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, უმაღლეს დონეზე შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ძალისხმევა წარმატებით დასრულდეს და სტატუსი მოგვენიჭოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას განიხილავს, ბრიუსელში პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს უმაღლეს დონეზე ჰქონდა შეხვედრები, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

„ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ძალისხმევა წარმატებით დასრულდეს და კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში. აქედან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალებზეც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის იმ შეხვედრებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა წარიმართება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო წარმატებული ვიზიტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგის საკითხს, კობახიძის განმარტებით, ბრიფინგი დაანონსებული არ ყოფილა და რადიკალურ ოპოზიციას სპეკულაციები სჩვევია.

„რაც შეეხება სპეკულაციებს, არავითარი ბრიფინგი დაანონსებული არ იყო, ხელოვნურად მოიგონეს არარსებული ბრიფინგი და გამოაცხადეს ამ ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე. რადიკალურ ოპოზიციას ასეთი სპეკულაციები სჩვევია. მათ არც აქვთ დარჩენილი სხვა ინსტრუმენტები, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.