ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში გამოიკვეთა განსაკუთრებული კეთილგანწყობა ქვეყნის, დელეგაციის მიმართ, ჯოზეფ ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა
ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონ თეა ახვლედიანს.
„ბრიუსელში გამართული ვიზიტი, ვფიქრობ, შეასრულებს ძალზედ მნიშვნელოვან დადებით როლს ევროკავშირსა და ნატოსთან ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით.
როგორც მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ბატონ ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში, ბატონ ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების საკითხებში, ბატონ იანეზ ლენარჩიჩთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ქალბატონ რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ბატონ იენს სტოლტენბერგთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭო და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები.
ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, რისთვისაც მათ მადლობა, მინდა, გადავუხადო.
ბატონმა ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ძალზე საქმიანად და პოზიტიურად წარიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ პრაქტიკული სიკეთეებით, რომლებითაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპელი პარტნიორების მკაფიო დაპირებას, საქართველოს ერთიან ევროპულ ანგარიშსწორების სისტემაში ინტეგრირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.
ქართული დელეგაციის სახელით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე პრემიერს, ბატონ ლევან დავითაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონ თეა ახვლედიანს.
ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რაც ვთქვი ბრიუსელში: 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.