ირაკლი კობახიძე - ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა, ეს უკვე შეესატყვისება იმ გზების საერთო სიგრძეს, რომლებიც მთლიანად იყო აშენებული 2012 წლამდე
ირაკლი კობახიძე - ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა, ეს უკვე შეესატყვისება იმ გზების საერთო სიგრძეს, რომლებიც მთლიანად იყო აშენებული 2012 წლამდე

ჩვენ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების არაერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავხსენით, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს მასშტაბსა და შედეგებზე ყველაზე უკეთ მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობა და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე, მაქსიმუმ, სამ საათში იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება და დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა. ეს უკვე შეესატყვისება იმ გზების საერთო სიგრძეს, რომლებიც მთლიანად იყო აშენებული 2012 წლამდე.

რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად, მაქსიმუმ, 3 საათში იქნება შესაძლებელი. დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას, რითიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან კავშირი მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარტნიორებს, მშენებელ და საზედამხედველო კომპანიებს და ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.

„მაგისტრალური გზების მშენებლობაში ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და მათ, მინდა, მადლობა გადავუხადო. უშუალოდ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში, პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან მონაწილეობენ – ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. მადლობა თითოეულ მათგანს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სპეციალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულებაში და რომელსაც მიუძღვის წვლილი ამ მაგისტრალური გზის მშენებლობაში. მადლობა მშენებელ და საზედამხედველო კომპანიებს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ავტომაგისტრალური გზის მშენებლობაში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.